საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
კითხვაზე: „ხომ არ მოგსვლიათ აზრად იმ საავადმყოფოს ბასტილიის ციხესავით აღება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, მერაბიშვილი პასუხობს:
„თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი პირველადი ამოცანა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი“, პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა