აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა. ეს არის ყველაზე დიდი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა.
აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკი მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მეანაბრეებმა – ძირითადად ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა და სარისკო კაპიტალით მხარდაჭერილმა კომპანიებმა გასულ კვირაში ბანკიდან ფული საჩქაროდ გაიტანეს. ბანკის ბოლო მცდელობები ახალი თანხების მოპოვებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაისაკუთრა ბანკი და მისი მართვა ანდო გარანტირებულ დეპოზიტებზე პასუხისმგებელ აშშ-ის სააგენტოს, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას.
„სილიკონ ველი ბანკი“ ე.წ. სტარტაპებს აფინანსებდა და აშშ-ში აქტივების ზომით ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი გახდა: 2022 წლის ბოლოს მას ჰქონდა 209 მილიარდი დოლარის აქტივები და დაახლოებით 175 მილიარდი დოლარის დეპოზიტები.
კრიზისული ვითარების განსახილველად, აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი ფინანსური სექტორის რამდენიმე მარეგულირებელს შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ მიიღებენ შესაბამის ქმედებებს, რომ საბანკო სექტორი მდგრადი იყოს.
გასულ კვირაში ოთხმა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა 52 მილიარდი დოლარი დაკარგა საფონდო ბაზარზე. მათ შემდეგ, აზიურმა და შემდეგ ევროპულმა ბანკებმა განიცადეს ზარალი.
აშშ-ის ხაზინის მდივანი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მარეგულირებლებთან, რათა დაეხმაროს მეანაბრეებს საბანკო კრიზისის შიშის გამო.