სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს შევთავაზეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოეყვანათ ექიმები, ვგულისხმობ უცხოელ ექიმებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში. შემდგომში, სამი დღის წინ კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია, სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმა და, 13:00 საათის მდგომარეობით, არ ყოფილა შესული არც მიხეილ სააკშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც, ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ შემდგომში ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ მსჯავრდებულ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.