საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა.
ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს კაპიტალიზაცია $160 მილიარდის ფარგლებშია.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, მაგალითად: ADA +18%; SOL +23%; ATOM +15%; LTC +8.5%; MATIC +6.8%.
კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, აშშ-ში უმუშევრობის დონე იკლებს და ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად მცირდება, რაც იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ფედერალური რეზერვი მოსალოდნელზე უფრო მალე გადაერთვება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე.
მოგეხსენებათ, FED-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი – პირიქით.
წყარო: bm.ge