- 13 ოქტომბერს, პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ორმა მოზარდმა დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. რამ გამოიწვია დამდგარი შედეგი? შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ – ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. ვაკის პარკში მომხდარზე პროკურატურამ ვიდეომტკიცებულება გაავრცელა, სადაც ჩანს დაზიანებული ელექტროკაბელი. პროკურატურაში გაყალბებულ დოკუმენტზეც ისაუბრეს. დოკუმენტში ყალბი ჩანაწერი გაკეთდა, რომ ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები, ყველა ნორმასა და წესს აკმაყოფილებდა. შსს-მ საქმეზე 9 პირი დააკავა – დაკავებულთა შორის არიან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, „გრინსერვის პლუსის“ ორი თანამშრომელი, „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომელი, „მშენექსპერტის“ დირექტორი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სტარვიზია ერთერთი დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა.
- ახლა კი ვირუსებზე ვისაუბროთ, რომლებიც ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან. აღსანიშვნავია, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გრიპი დიდი გამოწვევა არ ყოფილა. გავრცელება მნიშვნელოვნად კოვიდ სიფრთხილემ და პირბადის ტარებამ შეამცირა. წელს ინფექციონისტები მოსახლეობას ურჩევენ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ფრთხილად იყვნენ და რეკომენდებული ჯგუფების წარმომადგენლები აიცრან. გრიპის, მისი გართულებებისა და პრევენციის შესახებ სტარვიზიას კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
ასევე ნახეთ
“შაბათს თამოსთან” – საახალწლო გადაცემა
ყოველ შაბათს 21:00 ზე, STV -ზე, შემეცნებით გასართობი გადაცემა ,,შაბათს თამოსთან. 31 დეკემბრიდან ყოველ შაბათს …