ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება სჭირდება. საქართველოს პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა შესაბამისი კანონპროექტები უკვე მოამზადეს. წინა გადაცემაში უკვე მოგიყევით საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც 2024 წლიდან არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას გულისხმობს, დღეს კი გაგაცნობთ ევროპული დავალების მეხუთე პუნქტის შესასრულებლად მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება.
80 მილიონზე მეტი ქონება, გავლენა მედიაზე, პოლიტიკაზე და მონოპოლია ეკონომიკურ საქმიანობაში. ეს ის 4 კრიტერიუმია, საიდანაც სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ოლიგარქად იწოდება და კონკრეტული აკრძალვები დაეკისრება – მმართველმა გუნდმა ერთი ერთში გადმოიტანა ის მოდელი, რომელიც უკრაინაშია მიღებული. ობიექტური საფუძველი კი ის გახლავთ, რომ ევროკომისიის მხრიდან დადებითადაა შეფასებული აღნიშნული მოდელი. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ თუკი უკრაინაში ეს პრინციპები პოზიტიურადაა შეფასებული, საქართველოსთან მიმართებითაც იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროპულ სტრუქტურებს.
დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელზე პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, კანონი ამ ფორმით არ პასუხობს ევროკავშირის მითითებას და რეკომენდაციაში კონკრეტულად არ არის გაწერილი ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი. მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ.
უმრავლესობის განცხადებით კი კონკრეტული საკითხი პოლიტიკური სივრცისთვის არის გამოწვევა, რასაც პასუხი შესაბამისი მექანიზმებით სჭირდება და არა სახელების და გვარების ჩაწერა კანონპროექტში. ‘’კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან’’ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება.