პოლიტიკა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

მისივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.

“საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს”,- აცხადებენ უწყებაში.

ასევე ნახეთ

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია