პოლიტიკა

ბიზნესსექტორს ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ან რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცემა

ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძველ თბილისთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ავარიული შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება-განახლება. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან ბევრი კორპუსის ჩანაცვლების პროგრამაა დაწყებული. ძველ თბილისზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე. აქ იგივე პროგრამას ვერ გამოვიყენებდით.

მინდა, წარმოგიდგინოთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ძველ თბილისში რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა განვაახლოთ, მოვაწესრიგოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადავარჩინოთ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. კერძოდ,

ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია. ბიზნესი ავარიული სახლების ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მდებარეობდეს ისტორიული უბნების გარეთ, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და კონკრეტული პარამეტრები მიანიჭოს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა, შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. შეიძლება ბიზნეს არ უნდოდეს უშუალოდ სამუშაოებში ჩართვა, ვაძლევთ შესაძლებლობას თანხა ბიუჯეტში გადარიცხოს და თბილისის განვითარების ფონდმა აწარმოოს სამუშაოები.

ბიზნესი თუ დაინტერესებულია კონკრეტული სივრცით, რეაბილიტაციით, ყველანაირად ვუწყობთ ხელს, შესაძლებლობას ვაძლევთ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს არაისტორიულ უბნებში, განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია