სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, დღეიდან ვიწყებთ განცხადებების მიღებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე კატეგორიას ეხება ეს დაფინანსება:
1. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს;
2. მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს;
3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს
ამ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდებათ.
გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია.
დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ზემოთხსენებულ კატეგორიას განეკუთვნებიან. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია.
დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა მიმართოს მერიას. რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დავამატეთ ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 4555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 3720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია“, – განაცხადა კალაძემ.