ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი CROSTY სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. გთავაზობთ ბრენდის კომენტარს:
„CROSTY დაარსებიდანვე მიისწრაფვის გლობალური ბაზრისკენ. ინტელექტუალური საკუთრება კი არის ის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი დგას. სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება“ გამოხატავს იმ ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც წარმოადგენს ბრენდის იდენტობას 2015 წლიდან. განვმარტავთ, რომ „ქროსთის“ მოქმედებები არ არის მიმართული ფიზიკური პირების მიმართ. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოიყენოს ნებისმიერი სიტყვა საკუთარი თავის გამოხატვისთვის და ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ და ვემხრობით ასეთ თავისუფლებას.
განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ, რომ CROSTY-ს მიმართვის ობიექტები გახდნენ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კომპანიები და არა ნამუშევრების შემსრულებელი ფიზიკური პირები. კომპანიები, რომლებიც სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენებით უსაფუძვლოდ იქმნიან მათთვის სასარგებლო კომერციულ პირობებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვაგვაროთ ასეთი საკითხები მეორე მხარის პატივისცემით და მივმართავთ სამართლებრივ ზომებს, როგორც უკანასკნელ საშუალებას.
ბრენდის პოპულარობის მატებასთან ერთად გაიზარდა მისი სასაქონლო ნიშნების და დიზაინების უნებართვო გამოყენების ფაქტები. დღემდე 30-მდე ასეთ შემთხვევას ქონდა ადგილი. აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის ბრენდის იდენტობას, მის გლობალურ პოტენციალს და აუფასურებს იმ ნაშრომს, რაც თავად CROSTY-ს დიზაინერმა ჩადო საერთაშორისო ბრენდის მშენებლობაში. ჩვენ ვიცავთ სასაქონლო ნიშნებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება“ ქროსთის მიერ დარეგისტრირებულია არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სასაქონლო ნიშანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა ჯერ კიდევ 2018 წელს. CROSTY-მ სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება“ 25-ე კლასის საქონლისთვის დაარეგისტრირა. ნიშანი მოიცავს საქონლის შემდეგ კატეგორიებს: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, რომელიც ბრენდის საქმიანობის ძირითად ხაზს წარმოადგენს. სასაქონლო ნიშანი ვრცელდება როგორც გამოსახულებით ელემენტზე, ასევე სიტყვიერ ნაწილზე.” –
ნათქვამია CROSTY-ს მიერ გარვცელებულ განცხადებაში.