ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა.
როგორც მან აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა). მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული დადებითი დინამიკა, მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება და შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.
ინფლაციაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2022 წელს, მისმა ტემპმა, ძირითადად, საგარეო მოვლენებით გამოწვეული შოკების გამო მოიმატა.
„რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო მიმართულება ევროკავშირი იყო, სადაც ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 15.4% შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 13.2%-იანი წილით (19.7%-იანი ზრდა), მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი 26.5%-ით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 12.0% შეადგინა.
გასულ წელს, იმპორტის მოცულობა 34.5 პროცენტით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარი დაფიქსირდა. თუმცა, აქ აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაზრდილ ტურიზმთან დაკავშირებულმა იმპორტმა. ტურიზმის ეფექტის გარეშე, იმპორტის ზრდა 27.1 პროცენტი იყო.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლებს. მისი თქმით, 2022 წელს საგარეო სექტორის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის აღდგენამ.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელთან მიმართებით ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებული შემოსავლების აღდგენამ 107.6 პროცენტი შეადგინა.
„თუ ტურიზმის შემოსავლებიდან გამოვრიცხავთ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ტურისტების თანხას, 2019 წელთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 91,0 პროცენტს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ტურიზმი წელსაც გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს – ფულადი გზავნილების ზრდის ტემპმა განსაკუთრებით მოიმატა 2022 წელს. შემოდინება 2021 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 4.4 მლრდ დოლარს მიაღწია.
„თუმცა, ამ მხრივ, 2022 წელი თვისობრივადაც განსხვავებული იყო. რუსეთში დაწესებული კაპიტალის კონტროლის ღონისძიებების გამო, 2022 წელს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაში, აგრეთვე, მოხვდა ტურისტებისა და მიგრანტების მიერ სწრაფი ფულადი გადარიცხვის საშუალებით შემოტანილი თანხებიც, რომელიც რიგ შემთხვევაში, დაკავშირებული იყო საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, 2022 წელი წარმატებული იყო საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესამე კვარტალში, დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით (მშპ-ის 5.9%), რაც ისტორიული მაქსიმუმია. სამი კვარტლის ჯამურმა დეფიციტმა რეკორდულად დაბალი, 459.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 2.7 პროცენტი შეადგინა.
„2022 წელს წინასწარი შეფასებით, ველოდებით დეფიციტის შემცირებას მშპ-ის 3-3.5 პროცენტის ფარგლებში, რაც, ასევე, ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია“, – განაცხადა მან.
ლაშა ხუციშვილის თქმით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი დაფინანსების წყაროებიც, საიდანაც უმთავრესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო.
„გასულ წელს, ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, სადაც ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წილი 72.6 პროცენტი იყო. პანდემიის დროინდელი კლების შემდეგ, ზრდა დაიწყო მთლიანმა ინვესტიციებმაც. წინასწარი შეფასებით, 2022 წელს მთლიანი ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან მიმართებით 22 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.