პოლიტიკა

საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება -მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ეკონომიკური მიმოხილვა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით), მაღალ დონეზე შენარჩუნება.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, სავარაუდოდ, მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული შვიდი პროცენტიდან სამ პროცენტამდე, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში.

„დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია, სავარაუდოდ, გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური აქტივობა დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგების, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებისა და მკაცრი ფინანსური პირობების გამო.

მათი ინფორმაციით, 2023 წელს, სავარაუდოდ, ადგილი ექნება რეგიონული გამოშვების ზრდას 1.4%-ით, რაც არსებითად უკეთესია ადრე მოსალოდნელ 0.1%-თან შედარებით.

„აღნიშნული დადებითი, თუმცა საკმაოდ შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა 2023 წელს ასახავს რუსეთის ეკონომიკის პროგნოზირებულზე ნაკლებ ვარდნას და უკრაინის პროგნოზის გაუმჯობესებას. რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.7%-მდე მოიმატებს, ინფლაციის კლების, ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენისა და საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად.

ფასების მკვეთრი ზრდის გამო (კერძოდ, სურსათსა და ენერგორესურსებზე) 2022 წლის ბოლოს წლიურმა საშუალო ინფლაციამ 15.9%-ს მიაღწია ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (EMDEs), რაც რეკორდული ნიშნულია უკანასკნელი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველა განვითარებად რეგიონში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ ქვეყნებში 4%-ზე ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წლიდან მატებას დაიწყებდა.

სამომავლო პერსპექტივა მეტად გაურკვეველია. ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შეიძლება, გაცილებით სუსტი იყოს, თუ ადგილი ექნება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ომის შემდგომ ესკალაციას, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების ზრდას, გლობალურად ან რეგიონში საპროცენტო განაკვეთების მატების დაჩქარებას ან კაპიტალის ნაკადების მიმართულების მოულოდნელ ცვლილებას“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

ასევე ნახეთ

ჰესი „ხობი 2“ ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევიდა

საქართველოში ჰესი „ხობი 2“ ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევიდა, რაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია. ჰესის სიმძლავრე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია