კომპანია Twitter-ი საოპერაციო რისკის წინაშეა, თანამშრომლების უმეტესობა კომპანიის ახალი მფლობელის, ილონ მასკის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.
საქმე ისაა, რომ ილონ მასკმა თანამშრომლებს საგანგებო შეტყობინებით მიმართა, რომელშიც Twitter-ში დასაქმებულებს თანხმობა უნდა განეცხადებინათ ახალ, “ექსტრემალური” მუშაობის რეჟიმზე, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობას და დატვირთვის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებდა. უარის განცხადების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლებს პოზიციის დატოვება მოუწევდათ.
როგორც ირკვევა, თანამშრომელთა 50%-ზე მეტმა მასკის მიერ დასახელებულ სამუშაო პირობებზე უარი განაცხადა, რაც იმას გულისხმობს, რომ Twitter-ის სტაფში ამჟამად მხოლოდ 2,000 თანამშრომელი რჩება ისეთი, რომელიც ახალი პირობებით მუშაობის გაგრძელებაზე თანახმაა. შედარებისთვის, კომპანიის სათავეში ილონ მასკის მოსვლამდე Twitter-ში 7,500 თანამშრომელი იყო დასაქმებული.
აღნიშნული მოცემულობა აჩენს იმის რეალურ რისკს, რომ Twitter-მა გამართული ფუნქციონირება შეწყვიტოს, მასკის “რადიკალური რესტრუქტურიზაციის” გეგმა კი სრული კრახით დასრულდეს.
თანამშრომლებთან შეხვედრისას მასკმა განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე ის Twitter-ში რადიკალური ცვლილებების დასრულებას აპირებს, ამის შემდეგ კი კომპანიის ახალი გუნდი დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესზე გადაერთვება. გარდა ამისა, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე აცხადებს, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ის კომპანიის ლიდერის პოზიციის დატოვებას და Twitter-ისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოძებნას გეგმავს.
ასევე ნახეთ
ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …