22 თებერვალს, 15:30 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება მხატვარი ნუგზარ მეძმარიაშვილი. ინფორმაციას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აზიარებს.
მათი ცნობით, მხატვარი შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს თავისი მოზაიკის შექმნის ისტორიას.
მოზაიკა, სახელწოდებით „პრომეთე“მხატვრის სადიპლომო ნამუშევარია და 1971 წლიდან ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზს ამშვენებს.
ნუგზარ მეძმარიაშვილი 1971 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, ხოლო 1982-87 წლებში იგი იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი. 1982 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
მხატვარს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა თბილისსა და მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში. მისი ნამუშევრები საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის, ისრაელის, იუგოსლავიის, უნგრეთისა და რუსეთის კერძო კოლექციებშია.