პოლიტიკა

Balenciaga ახალ კამპანიაში ბავშვების მონაწილეობისთვის ბოდიშს იხდის

 ბალენსიაგას უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის  სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ბრენდი მას შემდეგაც გააკრიტიკეს, რაც მათი ერთ-ერთი კამპანიის ფოტოების ფონში “ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის” შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა. საზოგადოება არა მხოლოდ ბრენდისგან მოითხოვდა ახსნა-განმარტებას, არამედ ისეთი ვარსკვლავებისგან, რომლებიც ბალენსიაგასთან ხშირად თანამშრომლობენ და აქტიურად მოუწოდებდნენ კიმ კარდაშიანს, რომ განცხადება გაეკეთებინა აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ვარსკვლავი ასეც მოიქცა და ტვიტერის ანგარიშსა და ინსტაგრამის “სთორიზე” დაწერა, რომ ახალმა კამპანიამ მასშიც ზიზღი და ბრაზი გამოიწვია.

 ბალენსიაგამ ერთხელ უკვე მოიხადა ბოდიში აღნიშნული კამპანიის გამო და დაწერა:”გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ.”

 ბრენდმა ხელმეორედ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ბავშვთა ძალადობას გმობს და სრულ პასუხისმგებლობას იღებს კამპანიაში დაშვებული შეცდომებისთვის.

 “მეორე, 2023 გაზაფხულის კამპანია, რომელიც სადღესასწაულო კამპანიისგან გამიჯნულია, შეიცავდა ფოტოებს, რომლებშიც 2008 წლის სასამართლო გადაწყვეტილება “ამერიკის შეერთებული შტატები უილიამსის წინააღმდეგ” ჩანდა. ეს გადაწყვეტილება ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. ეს დოკუმენტი მესამე პირებმა შემოიტანეს კამპანიაში და წერილობით დაადასტურეს, რომ ყალბი იყო. შემდეგ ეს დოკუმენტები ნამდვილი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ფილმის ან სერიალის გადასაღები მოედნიდან წამოიღეს ჩვენთან. ამ დოკუმენტების თანხმობის გარეშე გამოყენებისთვის და არასათანადო ყურადღების გამოჩენისთვის ბალენსიაგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ფაქტზე, რომ მეტი წინდახედულობა და კონტროლი ვერ გამოვიჩინეთ.”

ბრენდის განცხადებით, სანამ მომხდარ ინციდენტს ბოლომდე გამოიძიებენ, აპირებენ, რომ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურებს გადახედონ და ერთად მუშაობის ახალი გზები შეიმუშაონ. ასევე მათი სურვილია, აქტიურად ითანამშრომლონ ორგანიზაციებთან, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობას და ნებისმიერი სახის ექსპლუატაციას ებრძვიან.

“ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლოთ,” — აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია