პოლიტიკა

გოგი ჩაგელიშვილის ფერწერულ შემოქმედებას ეროვნული გალერეა მასპინძლობს

ფერწერული შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე – გოგი ჩაგელიშვილის რეტროსპექტული გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში 6 ივლისის ჩათვლით შეუძლია.

  „ჩაკეტილი სივრცე, დროდადრო შეიღებოდა კარი, დასავლეთიდან შემოფრინდებოდა ინფორმაცია, რომელიც ჩაკეტილი სივრცის ცენტრიდან იწყებოდა და პერიფერიებამდე მიიფრენდა. კარი იკეტებოდა,  გამოკეტილები თავისუფალი ქვეყნებიდან გაგონილს შემოქმედებაში იმ დოზით იყენებდნენ, სახელმწიფოს ცენზურას რომ არ გასცდენოდა. გაიხსნა რკინის ფარდა, გარეთ გავცვივდით. იქ სხვა ღირებულებები იგრძნობა… ცდილობ დაკარგული დროის დაბრუნებას. ჩაკეტილ სივრცეში გატარებული ორმოცდახუთი წელი უკან მოგდევს“

– ამბობს მხატვარი გოგი ჩაგელიშვილი და  თავისი შემოქმედების    მთავარი მიმართულების – ფერწერის რეტროსპექტულ გამოფენას გვთავაზობს სახელწოდებით –  სოცარტიდან დღემდე.

გოგი ჩაგელიშვილი 1944 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და   მას შემდეგ აქტიურ შემოქმედებით  მოღვაწეობას ეწევა:  მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის დარგებში,   ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, ობიექტებს,  ინსტალაციებს. რამდენიმე ლიტერატურული პროექტის ავტორიცაა.   

მხატვრის მიერ განცდილი სამყარო განზოგადოებულ სახე-ხატებად ტრანსფორმირდება განსხვავებული დარგის, ჟანრისა  თუ მრავალგვარი შერეული მასალისგან შექმნილ ნამუშევრებში. სხვადასხვაგვარია განზოგადოების ხარისხი, მხატვრული ტრანსფორმაციის ფორმა. როგორც წესი ძლიერია ცოცხალი გამომსახველობა.
გოგი ჩაგელიშვილს  საკუთარი ხელწერა და მყარად დამკვიდრებული ადგილი აქვს ქართულ არტსივრცეში.

  XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის მრავალი პერსონალური გამოფენა შედგა თბილისსა და სხვა ქალაქებში-მოსკოვში, ანკარაში, ნიმში, დიუსელდორფში, მონრეალში, ქრაისჩერჩსა და ნიუ-ორკში. ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და  უცხოეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.

 

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია