პოლიტიკა

ICOMOS-ის დასკვნით, გელათის მონასტერზე განხორციელებული ჩარევების უმეტესობა საერთაშორისო პრინციპებს არ შეესაბამება

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS-მა) გელათის მონასტრის კონსერვაციულ მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გელათში სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო ხელმძღვანელობს და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა — შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან, უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი.

  • ანგარიშის თანახმად, ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ ეფუძნებოდა სათანადო კვლევას და არ შეესაბამებოდა ძეგლის სპეციფიკისთვის საჭირო მეთოდოლოგიას.
  • ასევე, განხორციელებულია არა გადაუდებელი ჩარევა, არამედ ჩატარებულია სრული საკონსერვაციო სამუშაო.
  • ICOMOS-ის მიხედვით, ამჟამად კედლის მხატვრობის დაზიანება (დასავლეთ მკლავში და მიმდებარედ) კვლავ გრძელდება და მხატვრობის დანაკარგი გაზრდილია.

დეტალები: როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ მკაფიოდ უარყოფითად შეაფასა ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის შერჩეული მეთოდი, განხორციელებული სატესტო ჩარევები და “გადაუდებელი ჩარევის გეგმის შეცვლა” მოითხოვა.

  • მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ექსპერტთა მისიის დროს გამოვლინდა, რომ 2022 წლის ივნის-სექტემბერში მთავარი ტაძრის ნაწილში მასშტაბური ჩარევა ადრე შემუშავებული მეთოდოლოგიით მოხდა.
  • “დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამომარილება მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც კედლის გამაგრება გასული წლის პერიოდში განხორციელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ გამომწვევი მიზეზი არ არის გამოკვლეული/აღმოფხვრილი და არ კონტროლდება”, — ნათქვამია ანგარიშში.
  • ასევე, მკვლევრების თანახმად, შესრულებულია ახალი ჩასხმები და ქიმების შეკეთება, რომელთა მეთოდოლოგიაზე დეტალური ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე დაფიქსირებულია რეკონსტრუქციისა და ტონირების ადგილები. ICOMOS-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ჩარევის ეს მეთოდები არ იყო მითითებული ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს 2021 წლის დოკუმენტში, როგორც ჩასატარებელი სამუშაო.

მრჩეველთა საბჭო ხაზს უსვამს შესაფერისი დროებითი გადახურვის მოწყობის საკითხს: “აშენდეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ექნება საკმარისი სათავე/ზედა სივრცე, რომელიც დაიცავს მთელ შენობას”

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია