პოლიტიკა

ინტერვიუ ვამპირთან სერიალად იქცა – ნახეთ ტრეილერი, რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია

გოთიკისა და ვამპირული ჟანრის მოყვარულებს წინ ნამდვილად ამაღელვებელი შემოდგომა ელოდებათ — ვამპირების აკადემიის სერიალზე რომ არაფერი ვთქვათ, ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ენ რაისის, კლასიკად ქცეული ვამპირის ქრონიკები ეკრანებზე კვლავ გაცოცხლდება. სერიალს, რომელზე მუშაობაც თითქმის 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაყურებელი ოქტომბრის დასაწყისში იხილავს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის — ვამპირის ქრონიკების — პირველი ნაწილი, ინტერვიუ ვამპირთან, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰოლივუდში აქციეს ბლოკბასტერ ფილმად, სადაც მთავარი როლები ბრედ პიტმა, ტომ კრუზმა და ანტონიო ბანდერასმა შეასრულეს. შესაძლოა, ამ უკვე საკულტო ფილმთან პარალელის გავლების ბრალია, რომ ენ რაისის მკითხველების ნაწილი ტრეილერით არცთუ კმაყოფილი დარჩა.

მწერლის ფანების ჯგუფში ინტერნეტმომხმარებლებმა უკმაყოფილებაც და აღშფოთებაც გამოთქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სერიალს რაისის ორიგინალურ ნაწარმოებებთან საერთო ბევრი არაფერი აქვს.

თავად ენ რაისი სერიალს არ მოსწრებია — გოთიკის ჟანრის დედოფლად მიჩნეული მწერალი გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა. თუმცა, იგი თავდაპირველად აქტიურად იყო ჩართული პროექტის სამზადისში.

სერიალი ინტერვიუ ვამპირთან კომპანია AMC-მ გადაიღო. ამავე ბრენდს ეკუთვნის ცნობილი პროექტი მოსიარულე მკვდრები, რომელიც წელს სრულდება — შესაბამისად, რაისის რომანების ეკრანიზაცია სწორედ მას ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ AMC ავტორის წიგნების კიდევ ერთ ცნობილ სერიას, მეიფეირის კუდიანთა ცხოვრებას, აქცევს სერიალად.

სერიალის ინტერვიუ ვამპირთან პირველი სეზონის შვიდი ეპიზოდი 2 ოქტომბერს გამოვა.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია