საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში თეატრისა და კინოს მსახიობის მარლენ ეგუტიას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული მონოსპექტაკლის – „კრეპის უკანასკნელი ფირი“ თოჯინური ვერსია. სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა მარლენ ეგუტიას მიერ განსახიერებული პერსონაჟის – კრეპის თოჯინა, რომელმაც გააცოცხლა და გაითამაშა ის როლი, რომელსაც თავის დროზე მარლენ ეგუტია ასრულებდა. მონოსპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ლუქრსაბიშვილია.
მარლენ ეგუტია 1967-1970 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის, ხოლო 1970 წლიდან კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი გახლდათ. ამავე თეატრში განსახიერებული პერსონაჟებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მანასე (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კალე (გურამ ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“), კრეპი (სამუელ ბეკეტის მიხედვით „კრეპის უკანასკნელი ფირი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მონტანო (უილიამ შექსპირის „ოტელო“) და სხვა. მსახიობი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „მალე გაზაფხული მოვა“, „დათა თუთაშხია“, „უძინართა მზე“, „ბიძინა“, „ეტლი შარაგზაზე“, „თამაში“, „იავნანა“, „ომი და ქორწილი“ და სხვა.
შეგახსენებთ, თეატრისა და კინოს მსახიობი მარლენ ეგუტია 2019 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.