პოლიტიკა

პოტსდამის მუზეუმში აქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს კარტოფილის პიურე შეასხეს

ვან გოგის მზესუმზირების შემდეგ კლიმატის აქტივისტებმა ამჯერად მიზანში კლოდ მონეს ნამუშევარი ამოიღეს. კლიმატის აქტივისტებმა, სახელად “უკანასკნელი თაობა”, გერმანიაში, პოტსდამის მუზეუმში კლოდ მონეს თივის ზვინებს კარტოფილის პიურე შეასხეს.

აქტივისტების თქმით, ნახატს პიურე საზოგადოების გამოსაფხიზებლად შეასხეს, რადგან, მათი აზრით, ხალხი კლიმატის კრიზისს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად ხელები კედელზე მიიწებეს.

“ხალხი შიმშილობს, ხალხი იყინება, ხალხი კვდება. ჩვენ კლიმატური კატასტროფის წინაშე ვართ და თქვენ ნახატზე შესხმული პამიდვრის წვენისა და კარტოფილის პიურესი გეშინიათ. იცით, მე რისი მეშინია? მეშინია, რომ მეცნიერების მიხედვით, 2050 წელს ჩვენს ოჯახებს ვეღარ გამოვკვებავთ. ნახატზე კარტოფილის პიურეს შესხმაა საჭირო იმისთვის, რომ მოგვისმინოთ? ამ ნახატს არანაირი ფასი არ ექნება საკვებისთვის ბრძოლის დროს. როდის დაიწყებთ ჩვენს მოსმენას?”, — ამბობენ აქტივისტები მუზეუმიდან გავრცელებულ ვიდეოში.

მუზეუმის წარმომადგენლების განცხადებით, ნახატს მინის საფარი იცავდა, რისი წყალობითაც, არ დაზიანებულა. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, აქტივისტებს კედელზე მიწებებული ხელები მალევე გაუთავისუფლეს.

“უკანასკნელი თაობა” გერმანიაში მცხოვრები აქტივისტების ჯგუფია. მათი თქმით, ისინი იმ უკანასკნელ თაობას წარმოადგენენ, რომელსაც საზოგადოების კატასტროფისგან დახსნა ჯერ კიდევ შეუძლია. “უკანასკნელ თაობას” გერმანიაში საპროტესტო აქციები აქამდეც გაუმართავს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აქტივისტებმა კლიმატის კრიზისი მუზეუმებში გააპროტესტეს. ოქტომბერში ლონდონის ეროვნულ გალერეაში აქტივისტებმა ვან გოგის მზესუმზირებს პამიდვრის წვენი შეასხეს.

ასევე ნახეთ

22 თებერვალს, მხატვარი ნუგზარ მეძმარიაშვილი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება

22 თებერვალს, 15:30 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება მხატვარი ნუგზარ მეძმარიაშვილი. ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია