ქვემო ქართლში ახალი სტადიონი შენდება – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მოინახულეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.
სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობას ითვალისწინებს. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით, ხოლო არენა შშმ პირთათვის სრულად იქნება ადაპტირებული.
ახალი სტადიონის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და პროექტის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ლევან კობიაშვილი: „ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს ვნახე. ეს არის პროექტი, რომელსაც რეგიონი და მარნეულის მოსახლეობა, ახალგაზრდობა დიდი ხანია ელოდა. ადგილობრივები წლებია ითხოვდნენ აქ მაღალი სტანდარტების სტადიონის აშენებას და პირველ რიგში ამას ითხოვს ფეხბურთი. შენდება სტადიონი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ხელს შეუწყობს მარნეულში და ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის, ბავშვებისთვის და მარნეულის გუნდისთვის“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.