ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა, – ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი „ტვიტერში“ წერს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ამ მისიას ვხელმძღვანელობ“, – აცხადებს რაფაელ მარიანო გროსი.
მისი თქმით, მისია ადგილზე მიმდინარე კვირაში ჩავა.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, მისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ელექტროსადგურის ფიზიკური დაზიანების შეფასება, უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა, პერსონალის პირობების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი ზომების განხორციელება.