მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა წერს, მწერალი ინსტიტუტში ლექციისთვის ემზადებოდა და პუბლიკის წინაშე წარადგენდნენ, როდესაც უცნობი პირი სცენაზე ავარდა და რუშდის დაესხა თავს.
რუშდი დაეცა, თავდამსხმელი კი ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა უცნობია.
შტატის პოლიციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რუშდის კისრის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა.
რუშდი შენობიდან საკაცით გაიყვანეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინტერვიუერმა ჰერუ რიზმა, რომელიც ასევე სცენაზე იყო, თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო. რიზი არის არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც დევნილ მწერლებს თავშესაფარს სთავაზობს.
ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი პოპულარული გახდა თავისი ნაწარმოებით შუაღამის შვილები, რომელიც 1981 წელს გამოიცა. 1988 წელს გამოცემული რომანი, ეშმაკეული აიები მუსლიმური ქვეყნების ნაწილში აიკრძალა. ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა რუშდის მოკვლაზე ფატვა გამოსცა და ჯილდოდ 3 მილიონი დოლარი დააწესა. 1991 წელს იაპონიაში წიგნის მთარგმნელი იგარაში ხიტოში მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდა, სალმან რუშდი მუქარებს კვლავ იღებდა და მისი მოკვლისთვის ჯილდოც დააწესეს.