მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლომ რუსეთის დედაქალაქის კრასნოსელსკის ოლქის მუნიციპალურ დეპუტატს ალექსეი გორინოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი: რუსეთის არმიისა და უკრაინის ომის შესახებ ყალბი ამბების გავრცელება. ამის შესახებ ინფორმაციას Novaya Gazeta Europe-ის კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან ავრცელებს.
მოსამართლე ოლესია მენდელეევამ გორინოვი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „შეგნებულად ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომლებიც თავიანთ სამსახურეობრივ პოზიციას სიძულვილის ან მტრობის მიზნით იყენებდნენ.
პროკურატურის ცნობით, 15 მარტს გორინოვმა და კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა ელენა კოტენოჩკინამ დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე გააკეთეს არაერთი განცხადება, რომელიც „შეიცავდა მონაცემებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას.“
კერძოდ, გორინოვმა უკრაინაში ე.წ. სპეციალურ ოპერაციას „ომი“ უწოდა და უკრაინელი ბავშვების დაღუპვაზე ისაუბრა. ეს ინფორმაცია, სახელმწიფო პროკურატურის განცხადებით, ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას და ამით გორინოვმა და კოტენოჩკინმა შეცდომაში შეიყვანეს ბევრი ადამიანი.
მსგავსი საქმე აღიძრა კოტენოჩკინას წინააღმდეგაც, მაგრამ მან მოახერხა რუსეთის დატოვება. იგი საერთაშორისო ძებნლთა სიაში იქნა შეყვანილი და დაუსწრებლად გაასამართლეს.
„ხუთი თვის განმავლობაში რუსეთი აწარმოებს საომარ მოქმედებებს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და სირცხვილით უწოდებს მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. ისინი გამარჯვებას და დიდებას გვპირდებიან. რატომ გრძნობს ამდენი ჩემი თანამოქალაქე სირცხვილსა და დანაშაულს?” – განაცხადა გორინოვმა სასამართლო პროცესზე, თავის ბოლო სიტყვაში.
„რატომ ტოვებს ამდენი ადამიანი რუსეთს და რატომ გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას უცებ ამდენი მტერი? იქნებ რამე გვჭირს? მოდი ვიფიქროთ! მოგვეცით საშუალება ვისაუბროთ მაინც იმაზე, რაც ხდება. აზრების გაცვლა. ეს ხომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა! ფაქტობრივად, მე ეს გავაკეთე“.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დააწესა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკრაინაში ომის შესახებ ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული ინფორმაციის გავრცელებისთვის – სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორინოვის საქმე ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ მუხლით განიხილება. უფლებადამცველების თქმით, ასობით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს