ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა. ხომალდთან კავშირი წყალში მისი ჩაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა 18 ივნისს. ბორტზე იმყოფებიან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულები არიან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ასევე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები.
გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა. ბორტზე ის 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს. ამ ნავით 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ტურის ღირებულება $250 ათასს შეადგენს.
მსგავს წყალქვეშა ნავზე, როგორც წესი, პილოტი, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი და სამი ტურისტია ხოლმე. ხომალდი გეზს იღებს ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან 600 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად. ტური 8 საათის განმავლობაში გრძელდება.
ტიტანიკი, რომელიც თავისი დროის უდიდეს გემად მიიჩნეოდა, 1912 წლის აპრილში, აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა. ხომალდი ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრებოდა. ჩაძირვის შედეგად, გემზე მყოფი 2 200 მგზავრიდან 1 500-ზე მეტი დაიღუპა.
ჩაძირული გემი 1985 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ატლანტის ოკეანეში ტიტანიკის გამოსაკვლევად არაერთი ექსპედიცია განხორციელდა.