პოლიტიკა

ბორის ჯონსონის თქმით, საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი, თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა

  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე.

 ბორის ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო.

„ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ – ამბობს ჯონსონი. – „ეს ყველასთვის უდიდესი შოკი იყო… ჩვენ ვხედავდით, როგორ ეწყობოდა რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური დაჯგუფებები, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას ძალიან განსხვავებული ხედვა ჰქონდა. გარკვეულ ეტაპზე გერმანელების პოზიცია იყო ისეთი, რომ თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა და დასრულდებოდა უკრაინის მარცხით.“

 როგორც ჯონსონმა აღნიშნა, გერმანელებს ასეთი პოზიციის არგუმენტად „ეკონომიკური მიზეზები“ მოჰყავდათ.

„მე ამის მხარდაჭერა არ შემეძლო, ვფიქრობდი, რომ ეს მიდგომა დამღუპველი იყო, მაგრამ შემიძლია გავიგო, რატომაც ფიქრობდნენ ისე, როგორც ფიქრობდნენ,“ – ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც ინტერვიუში იტალიის პოზიციასაც აკრიტიკებს.

როგორც ჯონსონი ჰყვება, თავდაპირველ ეტაპზე, იტალიის ხელისუფლება, რომელსაც მაშინ სათავეში მარიო დრაგი ედგა, „უბრალოდ ამბობდა, რომ ისინი ვერ დაუჭერდნენ მხარს იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ვირჩევდით“, რადგან იტალია ძალიან იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დასძენს, რომ როდესაც რუსეთმა თებერვალში სამხედრო აგრესია მართლაც დაიწყო, ევროპული ქვეყნების განწყობა მკვეთრად შეიცვალა.

„მოხდა ის, რომ გერმანელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, ჯო ბაიდენმა, ყველამ დაინახა – უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა, რადგან შეუძლებელია მოლაპარაკებები ამ კაცთან (პუტინთან). ესაა მთავარი საკითხი,“ – ამბობს ჯონსონი. – „მთელი ჩემი ნერვიულობის შემდეგ… ვაღიარებ და ვაფასებ, რომ ევროკავშირი ასე მოიქცა. ისინი გაერთიანდნენ და სანქციებიც ძალიან მკაცრი იყო“.

ბორის ჯონსონი ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტსაც ახსენებს და ამბობს, რომ ზელენსკიმ თავი გამოიჩინა, როგორც „ბრწყინვალე ლიდერმა“: „ის ძალიან მამაცი ადამიანია. ის რომ იქ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ კონფლიქტის ისტორია სრულებით, სრულებით სხვაგვარი იქნებოდა“.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია