აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა.
ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას.
საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, მე მაქვს უფლება, გავაკეთო ეს ყველაფერი. არანაირი დანაშაული არ ყოფილა, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ.
ტრამპის ადვოკატი ჯიმ ტრასტი ამბობს, რომ ტრამპს ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება, ასევე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისთვის, დოკუმენტაციის განადგურებისთვის ან გაყალბებისთვის, შეთქმულებისთვის და ყალბი განცხადებებისთვის.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი, მათ შორის 31 ეპიზოდზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვის ედავება.
ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები დღეს გასაჯაროვდა. მათი მიხედვით, ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს სახლის სამეჯლისო დარბაზში, აბაზანაში, საძინებელ ოთახში, საოფისე სივრცესა და საწყობში ინახავდა. ასევე დაფიქსირებულია ორი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტები სხვა პირებს აჩვენა.