საფეხბურთო მატჩი ინდონეზიაში საშინელი კატასტროფით დასრულდა. ქალაქ მალანგში „კანჯურუჰანის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე (ინდონეზიის ჩემპიონატის მე-11 ტური) „არემასა“ და „პერსებაის“ (2:3) შორის, მასპინძლის ფანები იმდენად გაბრაზდნენ საკუთარი გუნდის წაგებით, რომ საფინალო სასტვენისთანავე შეიჭრნენ მინდორზე.
ფეხბურთელები სასწრაფოდ გაიყვანეს გასახდელებში, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის კი სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა. სამართალდამცავებმა ქომაგების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
ფანები პანიკამ მოიცვა და მათ გასასვლელის ძებნა დაიწყეს სტადიონის დასატოვებლად. ამან ჭყლეტა გამოიწვია – ხალხი მინდორზე ეცემოდა და წამოდგომას ვერ ასწრებდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ცრემლსადენი აირის გამო გონება დაკარგა: მას სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც გული გაუჩერდა. არეულობა სტადიონის მიღმა გავრცელდა, სადაც პოლიციის მინიმუმ ხუთი ავტომობილი დაწვეს.
მალანგას ჯანდაცვის სამმართველომ გამოაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 182-ს მიაღწია. პოლიციის მონაცემებით, უშუალოდ მინდორზე დაიღუპა 34 ადამიანი, დანარჩენები კი იმ დროს, როცა შინ ან საავადმყოფოში მიემართებოდნენ. დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ერთი ხუთი წლის ბავშვია.
ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, მაყურებელთა რაოდენობა სტადიონის ტევადობაზე მეტი რომ არ ყოფილიყო. ინდონეზიის უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, რომ მატჩის წინ გაიყიდა 42 ათასი ბილეთი, იმ დროს, როცა ქალაქ მალანგას სტადიონზე მაქსიმალური ტევადობა 38 ათასი მაყურებელია.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მოითხოვა ტრაგედიის ანგარიში, ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კი განცხადებით გამოვიდა: „საფეხბურთო სამყარო დღეს შოკის მდგომარეობაშია. ეს შავი დღეა მთელი ფებურთისთვის. ეს ტრაგედია ცნობიერების ყოველგვარი აღქმის ზღვარს ცდება. უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახების მიმართ“.
თავის მხრივ, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ გამოსცა ბრძანება, შეჩერდეს ქვეყნის ჩემპიონატი გამოძიების დასრულებამდე, საფეხბურთო ასოციაციამ კი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აუკრძალა „არემას“ მატჩების ჩატარება საშინაო არენაზე.
ინდონეზიის ტრაგედია მეორეა მსხვერპლის რაოდენობით ფეხბურთის ისტორიაში. ის ჩამორჩება 1964 წელს, პერუში „ნასიონალის“ სტადიონზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც 328 ადამიანი დაიღუპა.