პოლიტიკა

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების აზრით, არც ისე რთულია „კრემლის რუპორების“ განსასჯელთა სკამზე დასმა

   რუსული ტელევიზიების „ვარსკვლავები“ და ცნობილი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, დმიტრი კისელიოვი, ოლგა სკაბეევა და სხვები, რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს, გაანადგურონ უკრაინელი „ნაციკები“ და მიწასთან გაასწორონ უკრაინის დასახლებული პუნქტები. მართალია, ძალადობის შემცველი სიტყვებისა და მკვლელობისკენ მოწოდების გამო გასამართლება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩადენილი მკვლელობისა თუ ძალადობისთვის, მაგრამ, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები განმარტავენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ შეუძლებელია „კრემლის რუპორების“ განსასჯელთა სკამზე დასმა.

  ჰააგაში, უკრაინის მთავრობის მოთხოვნითა და საერთაშორისო ორგანიზაციების იურისტების მონაწილეობით, იქმნება სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. უკრაინის მხრიდან სამუშაო ჯგუფის წევრი ოლეგ გავრიში ამბობს, რომ სასამართლოს წინაშე შესაძლოა ასევე წარდგნენ რუსი პროპაგანდისტებიც. ამასთან, გავრიში და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, გუნდუზ მამედოვი მონიშნავენ პროპაგანდისტების გასამართლების მთავარ სირთულეს: ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს კავშირი სიტყვებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს შორის.

 შეგახსენებთ, ისტორია იცნობს ორ ასეთ შემთხვევას, როცა პროპაგანდასა და მასობრივ მკვლელობებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დადგინდა:

1.ნიურნბერგის პროცესი, როცა განსასჯელთა სკამზე ისხდნენ მესამე რაიხის პროპაგანდისტები

2.რუანდაში ომის დამნაშავეთა დასჯის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელმაც რუანდის „თავისუფალი რადიოსა და ათასი ბორცვის ტელევიზიის“ (RTLM) და ჟურნალ Kangura-ს ხელმძღვანელი პირები გაასამართლა ტუტსის ხალხის გენოციდისათვის

  რუსული პროპაგანდისტული ტელეარხები „რაშა თუდეი“, „პერვი კანალი“, „როსია-24“, „ზვეზდა“ და სხვები, დიდი ხნის განმავლობაში, უწყვეტად აღვივებენ ზიზღის ატმოსფეროს. მათი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა: ქმნის მტრის ხატს, ახდენს უკრაინელთა დემონიზებას, მთელი ერის არსებობის უფლებას აყენებს ეჭვის ქვეშ, მოუწოდებს თავის აუდიტორიას ძალადობისკენ.

 რუსული ტელევიზიები ამგვარი ქმედებით ამართლებენ  სისასტიკეს, ომის დანაშაულებებსა და გენოციდს. პროპაგანდისტული მედიის ლიდერები რუსეთში თითქმის სრულად იმეორებენ რუანდის რადიოსა და Der Stürmer-ის გამომცემლის იულიუს შტრაიხერის მუშაობის მეთოდებს, რადგან ქმნიან შეუზღუდავ პლატფორმას სიძულვილის ენისთვის.  რუსეთის პროპაგანდისტული მედია არწმუნებს მაყურებელს, რომ საჭიროა უკრაინის არა მხოლოდ დენაციფიკაცია, არამედ დეუკრაინიზაცია.

  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა და პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყავდა ტელეგადაცემები, პიოტრ ტოლსტოიმ, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ უკრაინელების ნაწილი „განათების ბოძებზეა ჩამოსახრჩობიო“. მისი თქმით, ეს ის ნაწილია, რომელიც თავს რუსად არ მიიჩნევს. იურისტების განმარტებით, ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც მთქმელს, ასევე გადაცემის წამყვანს, რომელმაც მსგავსი აზრის გამოთქმის პირობები შექმნა.

 როგორც ცნობილია, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის გადაცემებში ამტკიცებს, რომ უკრაინა მძევლად ჰყავთ აყვანილი ბანდერას მომხრეებსა და ფაშისტებს და, რომ რუსეთის „სამშვიდობო მისია“ იმაში მდგომარეობს, რომ „გაათავისუფლოს“ უკრაინელები, რაც, იურისტების შეფასებით, ასევე აგრესიისკენ ფარული მოწოდება და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაა.

 როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი, გუნდუზ მამედოვი ამბობს, არსებობს ამ ტიპის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის ორი გზა:

1.სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში, მაგრამ ამ გზის მთავარი ნაკლი ისაა, რომ უკრაინის მართლმსაჯულება ვერ მისწვდება ეჭვმიტანილებს, რადგან ისინი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ძებნა ცხადდება ხოლმე.

2.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის გამოძიება. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, აუცილებელია, უყურადღებოდ არ დარჩეს პროპაგანდისტების ქმედებები.

  როგორც გუნდუზ მამედოვი აღნიშნავს,  რთულია პროპაგანდისტების განცხადებებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში მოქცეულ სერიოზულ დანაშაულებს შორის კავშირის დამტკიცება, მაგრამ საეთერო ჩანაწერების რაოდენობისა და პროპაგანდისტების „გულწრფელობის“ გათვალისწინებით, გარკვეულ შემთხვევებში, ამგვარი კავშირის დამტკიცება ნამდვილად შესაძლებელია.

 „იმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 120 ქვეყანას აერთიანებს, მართლმსაჯულების აღსრულების პერსპექტივა მეტად რეალისტურად გამოიყურება, – ამბობს გუნდუზ მამედოვი, – პროპაგანდისტების საქმიანობა ქმნის სიძულვილის ატმოსფეროს, რაც ზრდის რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერას ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის მიმართ. პროპაგანდისტების ამ დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად საზოგადოება დანაშაულების თანამონაწილე ხდება, ამიტომ პროპაგანდისტები აუცილებლად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“.

 

ასევე ნახეთ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 54,91% მიიღო, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია