სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს. სომხური მედიის ინფორმაციით, „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სამხედროების დახვრეტაა ასახული.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ვიდეომასალა ადასტურებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს, მათ შორის სომეხი სამხედროების სასამართლოს ჩართულობის გარეშე სიკვდილით დასჯას, ჯარისკაცების წამებას, მათ შორის ქალების.
„სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს მკაფიო შეფასებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ და წინა პერიოდში ჩადენილი საშინელი სამხედრო დანაშაულების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავის მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, კატეგორიულად დაგმოს ეს სამხედრო დანაშაული და მიიღოს შესაბამისი ზომები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად.
„სოციალურ ქსელში კიდევ ერთი შემზარავი ვიდეო გავრცელდა, სადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები თვითნებურად სჯიან სომეხი სამხედრო ტყვეების ჯგუფს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. სომხეთი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.
„თუ ამ კადრების ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა.
ფაქტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა.
„აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა სრულად და სრულყოფილად იძიებს ამ კატეგორიის ვიდეოების ავთენტურობას, ასევე დროსა და ადგილს, სადაც ვიდეო გადაიღეს, მათზე გამოსახული სამხედროების ვინაობას, ასევე ყველა სხვა დეტალს, რაც მნიშვნელოვანია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის. გამოძიების შედეგების მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.