ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება, –განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ომის დასასრულებლად აუცილებელია კონკრეტული ქმედებები.
„პუტინმა იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია, რომ თავისით არ გაჩერდება. რუსეთის მშვიდობამდე მიყვანა მხოლოდ იძულებით შეიძლება და ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს უკრაინის თავდაცვის უფლება, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული იყოს.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ჩართოს დანაშაულებრივ ომში ევროპაში.
„რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ევროპაში თავისი ომის თანამონაწილეებად აქციოს, მათი იარაღით კლავენ უკრაინელებს და ეხმარებიან პუტინს ჩვენი მიწების მითვისებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.