პოლიტიკა

ზურაბიშვილი: რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს – ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ჩასულიყვნენ და გაეგოთ ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ზურაბიშვილის თქმით, მას მინისტრისგან პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მისი თქმით ეს პროცესი, მეორე მხრივ ოპოზიციის ქმედებებმაც დააზიანა. პრეზიდენტის აზრით, საჭირო იყო ერთობლივი სტრატეგია და მოქმედება.

„[ხელისუფლებას მეტი უნდა] ემუშავა, ყველგან ჩასვლით, უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში. მე მახსოვს იმ მომენტში, თარიღი ზუსტად არ მახსოვს, შევთავაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ ყველგან რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ, პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია, ამ საქმეში ყველა ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას არ ესმის, ჰგონია, რომ როცა იქ ჩადის და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, რომ ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანი არის… ისეთ ფაქტებზე აქვთ აქცენტი ცდილობენ და ძალიან ხშირად ჩადიან და მათი განცხადებები ყველამ მოვისმინეთ და ვიცით რაზე ვსაუბრობ, დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის რეპუტაციისთვის მეტად დამაზიანებელია ხელისუფლების ქმედებები, „ელჩების და ევროპარლამენტარების ლანძღვა“, პარალელურად კი, მისი თქმით ქართული ოცნება „რუსეთს ისე უფრთხილდება, როგორც არასდროს“.

„ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ვიტყოდი, დღეს უფრო დამაზიანებელია, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ხელისუფლებას აქვს ბერკეტები და ხელისუფლება, როცა ლანძღავს ელჩებს, როცა ლანძღავს ევროპარლამენტარებს, როცა რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია, ჩვენ საით მივდივართ და მგონი ჩვენი საზოგადოებისთვისაა გაუგებარი, საითკენ მივდივართ. რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე რამე არ ვთქვათ და ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

Washington Examiner – ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო

ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია