პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ნიშნის მოგებით საუბარი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ადგილიდან გატაცება და მათი უკანონოდ დაპატიმრება ხდება, ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს

საქართველოს მოქალაქეებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რათა უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გალში ახალგაზრდა ქალის საკუთარი სახლიდან გატაცებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნიშნის მოგებით საუბარი ყოველ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ადგილიდან გატაცება და მათი უკანონოდ დაპატიმრება ხდება, ხელს აძლევს მხოლოდ ერთ ქვეყანას და ეს არის რუსეთი.

„უპირველეს ყოვლისა, რაც ყველას შეგვიძლია, გავაკეთოთ, ეს არის, რომ გვერდში დავუდგეთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ვაჩვენოთ ერთიანობა ამ საქმეში. ყოველი ასეთი ნიშნის მოგებით საუბარი, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს არის ხოლმე, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ადგილიდან გატაცება და მათი უკანონო პატიმრობაში მოქცევა ხდება, ხელს აძლევს მხოლოდ ერთ ქვეყანას და ეს არის რუსეთი. ამას სჭირდება ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერა.

ამასთან, ეს არ არის ახალი გამოწვევა, არამედ ეს არის სამწუხაროდ, შედეგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და იმის, რომ 10 ათასამდე რუსი ჯარისკაცი სამწუხაროდ, დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ნაწილში. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ორი რამით შეიძლება, ვუპასუხოთ; ერთი გახლავთ გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი მეგობრების დახმარებით გვაქვს და ყოველ ასეთ შემთხვევაში ხდება ამ ყველაფრის გამოყენება და მეორე – ეს არის მცდელობა იმის, რომ რაც შეიძლება მალე დახსნილი იყოს უკანონო პატიმრობიდან ადამიანები და ვიცით, რომ ამ მცდელობას შედეგი მოაქვს.

რაც შეეხება მეთოდებს, ამას განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს ნდობა უნდა გამოუცხადონ იმ სამსახურებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული. ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ. რაც უფრო მეტად ხდება ამ საქმის აჟიტირება, არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა ხდება, ამას არ მოაქვს. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურადაც მუშაობენ და შესაბამის შედეგსაც აღწევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობა – მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას …