პოლიტიკა

კობახიძე ზურაბიშვილზე: განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრეზიდენტი ზურაბიშვილის შეფასებაზე, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა, განაცხადა, რომ ოცნებას პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლის ინტერესი არ აქვს.

„პრეზიდენტს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული კომპეტენციები, რითაც შეუძლია, მაგალითად ჩვენ ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პატარ-პატარა ასეთი რაღაც სირთულეები შეიძლება შექმნას, მაგრამ ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. მითუმეტეს ამის გამო, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, ეს დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ.“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა პრეზიდენტისთვის “რაღაცები აეხსნა” თუმცა კობახიძის აზრით, ინფორმაციის დეფიციტის გამო ზურაბიშვილს “უჭირდა რაღაცების გაანალიზება”.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი შეზღუდული კომპეტენციიდან გამომდინარე “ქვეყანას ვერ დააქცევს”, თუმცა მისი განცხადებები, არა მმართველი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაა საზიანო.

„აქ ერთი რამეა მთავარი, რომ ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება, ყველაზე კრიტიკულ მომენტებზე მაქვს საუბარი, მაგალითად რა ხდებოდა შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, რა ხდებოდა წელს, როცა ომი იწყებოდა, მერე დაიწყო და ასე შემდეგ.

მას გარწმუნებთ, ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ დეტალებთან დაკავშირებით შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. რაღაცებს საჯაროდ ვერ გამოიტან, მაგრამ მას ბევრი რამე ვუთხარით, მაგრამ ნუ აქაც გაუჭირდა რაღაცების შეფასება და გაანალიზება, რაც სამწუხაროა. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები ბუნებრივია, საზიანოა ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ოცნება მზადაა, ზურაბიშვილს “კიდევ ერთხელ ყველაფერი აუხსნას, განუმარტოს”, მაგრამ მისი თქმით “იმის მოლოდინი, რომ [ზურაბიშვილი] რაღაცებს გააანალიზებს, შეძლებს გაანალიზებას, [ხელისუფლებას] უკვე აღარ აქვს”.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია