პოლიტიკა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა.

„პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა არჩევის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეეხებოდა. ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევისთვის მიზანშეწონილია პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. შევთანხმდით კიდევ ერთ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს, ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული კანდიდატების მხრიდან მოისმინოს მათი ხედვა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, განხილული ოთხი საკითხიდან ორ მათგანზე შეთანხმება ამ ეტაპისთვის ვერ შედგა, თუმცა მათზე მსჯელობა სხვა საკითხებთან ერთად შემდეგ შეხვედრებზე გაგრძელდება.

„შემდეგი საკითხი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, იქნება ეს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, ზედიზედ ორჯერ არჩევის საკითხს. რეგულაცია, რომელიც საბჭოს წევრს უზღუდავდა შესაძლებლობას ზედიზედ მეორედ მიეღო მონაწილეობა კონკურსში და არჩეული ყოფილიყო მეორე ვადით, ჩვენ შევცვალეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კონკრეტული ცოდნის მქონე პირს არ ჰქონოდა არანაირი შეზღუდვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფში ვერ შევჯერდით. ჩვენი პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ეს წესი უნდა გადაიხედოს და უნდა დაბრუნდეს ძველი წესი, სადაც ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იყო განსაზღვრული. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კი მიაჩნდათ, რომ მართალია ეს ასეა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ამ საკითხის გადახედვა. ასევე, ვერ შევაჯერეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარალელურად იყვნენ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეები. ამასთან დაკავშირებითაც, ჩვენი პოზიციაა, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებიც სასამართლოს შიგნით ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე იქნებიან არჩეული, არანაირი ვალდებულება არ აქვთ დატოვონ კონკრეტული თანამდებობა. პირიქით, ეს უნდა იყოს მოქნილი მექანიზმი იმისთვის, რომ სასამართლოში მოსამართლეებს ჰქონდეთ ნაკლები შეზღუდვები. ამ შემთხვევაშიც სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაა, რომ მართალია, არსებობს ასეთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არავის ავალდებულებს, რომ აუცილებლად საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უნდა დატოვოს მაგალითად, სასამართლოს ან პალატის თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა აქაც ისინი საუბრობენ კონტექსტზე, რაც უნდა იყოს მხედველობაშია მიღებული. ჩვენ ვმოქმედებთ და ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ქართული მართლმსაჯულება, ქართული საკანონმდებლო სივრცე ვერ იქნება ისეთი საცდელი ობიექტი, რომელიც არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

სამუშაო ჯგუფში შედიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია