პოლიტიკა

4 დეპუტატი: მოვუწოდებთ “ოცნებას”, ხელი აიღოს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური კამპანიისგან

პარლამენტის 4 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ემიჯნებიან და მკაცრად გმობენ მმართველი პარტიისა და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე  – ქალბატონ კელი დეგნანსა და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე.

დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა (ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით), ხოლო ევროპის საბჭომ  საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სისტემური რეფორმების გატარება დაუყენა (12 პუნქტის სახით).

შედეგად, ვიხილეთ ქართული ოცნების ორმაგი სახე, რომელიც, ერთი მხრივ, ხედავს რა მოსახლეობის ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა იმავდროულად კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის რეალური მიზეზებს – დემოკრატიულ უკუსვლას და რეფორმების არარსებობას – არ აღიარებს;

რეალური მიზეზების გადასაფარად სახელისუფლებო პარტია აქტიურად აწარმოებს დეზინფორმაციას – ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ომში ჩაურთველობით ხსნის და ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც სიცრუე და რუსული პროპაგანდაა. ეს სიცრუე გათვლილია იმ მოქალაქეებზე, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს დღეს დასავლეთის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არსებულ პოზიციებზე, რომელიც არათუ არ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, არამედ აქტიურადაა მიმართული საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დასაცავად რუსეთისგან”. – წერია დეპუტატების განცხადებაში.

აქუბარდია, ბუჩუკური, კორძაია და სამნიძე წერენ, რომ მმართველი პარტიის და მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიების ქმნის საფრთხეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები, დააბნიოს ჩვენი პარტნიორები და შეასუსტოს მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

მათი განცხადებით, ასეთი მოქმედებებით მმართველი პარტია მოსახლეობას ართმევს შესაძლებლობას, იცხოვროს ევროპული ტიპის ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება დაცულია;

“ამავდროულად, მმართველი პარტია უზარმაზარი დარტყმის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მეგობრების გარეშე დარჩენა საქართველოს მარტოს დატოვებს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ”. – მიუთითებენ დეპუტატები.

ისინი ხაზს უსვამენ აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარებას 1990-იანი წლებიდან.

“ეს დახმარება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯამში შეადგენს 5 მილიარდ დოლარამდე ფინანსურ რესურსს და მრავალ წარმატებულ დარგობრივ პროგრამას. აშშ-ს დახმარება ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მისი მიზანია, საქართველო გახდეს შემდგარი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა.

შესაბამისად, ანტიდასავლური ძალები ამაოდ ცდილობენ დასავლეთის რეკომენდაციები იმავე ტიპის მოვლენად წარმოადგინონ, როგორიც  მოსკოვიდან წამოსული სიგნალებია. ამ უკანასკნელთა მიღმა რომ უხეში სამხედრო ძალა, ქალაქების ნგრევა და ადამიანთა სიკვდილი იმალება, ეს აჩვენა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს და უკრაინაში დღევანდელმა ომებმაც”. – წერია განცხადებაში.

დეპუტატები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია