პოლიტიკა

ბექა ოდიშარია – თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით საზოგადოებას

თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გაკეთბულ შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით.

ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მისი აღშფოთება არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის, არც ქალის და არც კაცის მისამართით არ იყო გამოთქმული.

ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მისთვის ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ვწუხვარ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და მოსასმენად კიდევ უფრო მიზანშეუწონელია, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მოსასმენად, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასიამოვნოა. ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. ამაში ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, მათ შორის, ყველაზე მტრულად განწყობილებიც. მე არასდროს, არამც თუ ქალბატონი და ქალი კოლეგა, არამედ მამაკაციც არ შემირაცხყვია 8 წლის განმავლობაში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აღშფოთება არ იყო დამისამართებული, არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერსად ნახავთ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი ვახსენე.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში არის მიუღებელი. ამისათვის მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იმიტომ, რომ ის ჩემგან არ არის ამგვარ გამონათქვამებს მიჩვეული, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა მივანიშნო საზოგადოება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც გვიწოდებენ პრორუსებს, ერის მოღალატეებს, ფლიდებს და კიდევ მრავალ სხვას. ჩვენც გვყავს ოჯახები, შვილები, მშობლები, რომელთაც ეს ჯანმრთელობას ურყევს. თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა მის მიერ მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეპითეტები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ოდიშარია პასუხობს, რომ მის გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს და კადრები დამონტაჟებულია.

„სულ ორ ადამიანთან მქონდა შეხება ჩემი გამონათქვამის შემდეგ, რის გამოც ვწუხვარ. რომ ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ეს ცხადია. მაგრამ ის, რომ ადამიანები ბედავენ და ჩვენს ოჯახებს ატერორებენ, ეს დედის გინებაზე უარესია. ვიმეორებ, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც შენს თავს შეგიძლია მისცე უფლება ასეთი გამონათქვამებისთვის, მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც და ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

ახლა არ დამიწყოს ვინმე, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება ეს არის ადამიანის კეთილი ნება და ამ ნებას ვიჩენთ 8-წელიწადია. ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს და გაასაჯაროვეს და მონათლეს რაღაც თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, ტყუილია, ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს. საკმაოდ დამონტაჟებულია, ტექსტებია გადადებული”, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა  გამოიყენა მაშინ, როდესაც ტრიბუნასთან გენდერული კვოტირების გაუქმებას „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკრიტიკებდა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია