Breaking News

ბიძინა ივანიშვილი – გლობალურ ომის პარტიას აქვს გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში – ესაა მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე

გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.

„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.

ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.

სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია