პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან – ოპოზიციის გამოხმაურებები

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს მოსაზრებით, უფრო ბუნებრივი და სწორი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება, რადგან ამით ბევრად უფრო გასაგები იქნება, რა პოზიცია და ფუნქცია აქვს მას და დახუჭობანას თამაში დასრულდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ჰერმან საბო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ოლიგარქიზაციის თაობაზე არსებული ჩანაწერის ინდივიდებისკენ, ვიღაცის წინააღმდეგ მიმართვა არასწორი იქნება და საკითხი შინაარსობრივად უნდა იყოს გაგებული, რომ პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ ერთად მოიფიქრონ, რა წესრიგი უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი, რომ მომავალში ბიძინა ივანიშვილისნაირი, „ქართული ოცნების“ მსგავსი, მიხეილ სააკაშვილისნაირი ერთპიროვნული მმართველობა გამოირიცხოს.

„ჩვენი ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე არ ნიშნავს კანონს ივანიშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხელისუფლების დანაწილება და სახელისუფლო შტოებს შორის ერთმანეთის კონტროლი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ ამას ვერ მივაღწევთ, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ ფულიანი და გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგ, მომავალი მმართველი პარტია მომავალი ფულიანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან. შეუძლებელია, რიგ გადაწყვეტილებებზე მას გავლენა არ ჰქონდეს და თუ ინტერესი ექნება, პირდაპირი გავლენა ექნება“, – განაცხადა საბომ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის მოსაზრებით, უმჯობესი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და პასუხისმგებლობას თავად აიღებს.

აღნიშნული კოემნტარით პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციასა და არაფორმალურ მმართველობაზე, თუ ბიძინა ივანიშვილი ნახავს, რომ მისი სანქცირების შანსები დიდია, სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით შეიძლება, ფორმალური თანამდებობებიც მიიღოს და სახელისუფლებო იმუნიტეტით ისარგებლოს.

„უკეთესი იქნება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მეფის ნაცვლებით კი არ გველაპარაკოს, არამედ პასუხისმგებლობა თავად აიღოს, მათ შორის ასობით ადამიანზე ქვეყნიდან რომ გარბიან, ასობით ბავშვებზე სიღარიბის ზღვარზე რომ არის. ამ ყველაფერს კონკრეტული სახელი რომ დავარქვათ, პასუხისმგებელია არა ღარიბაშვილი და კობახიძე, არამედ მილიარდელი ივანიშვილი, რომელსაც 35 პროცენტზე მეტი აქვს საქართველოს მშპ-ზე. ასეთი ადამიანი ძარცვით არის დაკავებული. მნიშვნელოვანია დაბრუნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე – წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები

სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია