შარლ მიშელის განცხადება მეტყველებს, ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ერთადერთი ვინც ამას ეწინააღმდეგება თავგზააბნეული „ქართული ოცნებაა“- განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.
„საქართველოს დიდი მეგობრის, შარლ მიშელის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია – საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, ერთადერთი ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ეწინააღმდეგება, ესაა თავგზააბნეული „ქართული ოცნება“. როცა საქართველოს ეს უნიკალური შანსი გაუჩნდა, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ სერიოზულად შეაფერხა საქართველოს წინსვლა და ვეღარ ვართ ამ წუთის მდგომარეობით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად პირველი რიგის კანდიდატებში, მაგრამ ევროპა, ევროპული სახელმწიფოები, ევროკავშირი ცალსახად გვეუბნება, რომ მზად არიან იხილონ საქართველო უსაფრთხოების, თავისუფლების, კეთილდღეობის ამ დიდ ოჯახში. „ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია, რადგან თავისუფლების, თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, ევროპა სწორედ თავისუფალ მოქალაქეებზე დგას და არა ლიდერებსა და ვინმე მესიებზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და შევეცადოთ მზად ვიყოთ იმ დროისთვის, როცა შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს.
„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა.