პოლიტიკა

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას, თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს. აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

NDI საქართველოს დირექტორმა ალან გილამმა განაცხასა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა.

„საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ.

აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნა ალან გილამმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NDI-ის კვლევაშია ნათქვამია, რომ მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს.

„უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა – მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. დაბოლოს, ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს.

„ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ალან გილამმა განაცხადა, კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, რომ NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

„კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ“,- ნათავამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია