2024 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც. გეგმის მიხედვით, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, წარსულს ჩაბარდება ხმების ხელით დათვლის ხანგრძლივი პროცედურა და არჩევნების შედეგების რამდენიმე დღის შემდეგ გამოცხადება. ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა წარმატებით იყენებს. საარჩევნო კოდექსის გადახედვის ინიციატივა ევრორეკომენდაციების შედეგია.
ოპოზიცია ინიციატივას იწონებს. მით უფრო მაშინ, როცა, როგორც თავად ამბობენ, მსგავი პროექტი თავადაც ჰქონდათ შემუშავებული, მაგრამ მიაჩნიათ, რომ 70 პროცენტი არ კმარა და არჩევნების გაყალბების ალბათობის ბოლომდე გამოსარიცხად, სიახლე მოსახლეობის 100 პროცენტს უნდა შეეხოს.
საქართველოს არჩევნების ელექტრონული სისტემების გამოყენებით ჩატარების გამოცდილება უკვე აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვენი ამომრჩეველი შარშან კრწანისის რაიონში, წელს კი ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე უკვე გაეცნო. საპილოტე პროექტმა გაამართლა.
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დაინიცირდა – საკანონმდებლო ორგანო მომდევნო კვირიდან საკომიტეტო განხილვებს დაიწყებს, ხოლო პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ის ეუთო / ოდირსა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. სწორედ დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება პროცესი მეორე მოსმენით.