პოლიტიკა

გიორგი გახარია – ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, [„ქართული ოცნება“] როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? – როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? – რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? – ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- განაცხადა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „კულუარულად, ბნელ ოთახებში არ უნდა წყდებოდეს“.

„რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს გვიხსნის, არაფერს გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.

ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-დან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი შეცვლილა – ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას.

მსგავს პირობებში, ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით დაარღვია, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ კრიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ ხდება.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს თუ არ შეუძლია დებატები. განუმარტოს, მაშინ მაგალითად, როდესაც 15 ოქტომბერს, ზუგდიდში იქნება. მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ შემდგომ თეორიულად თეორიულად ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ სამ კითხვაზე:

რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ?

რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?

დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის – საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?

მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება!

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს პერსონალურად, რომ მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, არ უნდა წყდებოდეს ბნელ ოთახებში, საერთოდ გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით და ეს უნდა იყოს განხილვის საგანი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ იმას მაინც, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენოთ, იქნებ გემხრობით, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია