პოლიტიკა

გიორგი გახარია – ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა.

„ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ, დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და ამ ლოგიკით აქვს აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას: გვინდა კი ევროპა? კარგია თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა? მალე კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებენ ყველას, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, „ოცნება“, ევროპული მომავლის ნაცვლად, ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად.

„ამ არჩევანის ფასს, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები გადაიხდიან. „ნაციონალები“ კი მზად არიან, ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის. აქ კომპრომისი დაუშვებელია. მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ყველამ, ვინც შეიძლება, განსხვავებულად ვაფასებდეთ წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორც შეგვიძლია, ერთად, ცალ-ცალკე – დღეს ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ მხარდაჭერას. მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს“, – აღნიშნა გახარიამ.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია