პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” ლავროვის ოჯახის წევრებს საქართველოში “პურ-მარილს უშლის” და დუმს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის განლაგების საკითხზე.

“უმძიმესი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული საფრთხის შემცველი ინფორმაცია გახდა დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი – ოჩამჩირეში რუსეთი აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას, ამ ფონზე სრული დუმილია “ქართულ ოცნებაში.” მინდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის დაჯგუფებას მივამართო – რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან. ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე – ამაზეც დუმხართ და ეროვნული ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებთ. ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მობილიზებული, ამ ინფორმაციით აჭრელებულია ახლა საერთაშორისო მედია, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის საკომენტარო თემა, მთავრობაში უნდა გყავდეთ ადამიანები, ვინც პატრიოტები არიან. ლავროვს რომ ტაშ-ფანდურს უმართავთ და პურ-მარილს უშლით აქ მის ოჯახის წევრებს, პასუხი გაგცეს ახლა ამასთან დაკავშირებით. კითხვას ვუსვამ კობახიძეს, სამი დღეა ოროსანი ბავშვივით რომ ჩამოჯდა იქ, საკონსტიტუციო სასამართლოში, რას აკეთებ, გეკითხები, ეგაა შენი ფუნქცია, რომ იქ ზიხარ და სისულელეებზე საუბრობ, ივანიშვილმა მიგითითა, რომ ეგ როლი ითამაშო და უფლება არ გაქვს, გამოხვიდე იმ დარბაზიდან. ასე გატარებას აპირებთ ამის? ეროვნული ინტერესებია უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, თქვენ რას პასუხობთ ანექსიის პროცესს? ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზა არის ევროკავშირი, ის ევროკავშირი, რომლის კანდიდატის სტატუსზეც პრემიერ-მინისტრი ამბობს, სიმბოლური დატვირთვა აქვსო, თქვენ ფარცხალაძის მცველები პასუხს იღებთ ახლა – რუსეთის აგენტი ფარცხალაძის დაცვის შემდეგ, აგერ სამხედრო ბაზის გახსნასაც მოგთხოვენ, ეგ არის თქვენი სახე. ახლა მთავარი კითხვაა რატომ ბედავს რუსეთი ამას? – იმიტომ, რომ მისი მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისში და არა მხოლოდ აფხაზეთში,”-განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ.

ამის შესახებ განცხადება  საგარეო უწყებამ გაავრცელა. განცხადების თანახმად, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია