ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტებს იღებდნენ და არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არ არსებობდა.
„მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის გავაკეთო შემდეგი განცხადება და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ამ კანონპროექტზე. თქვენ იცით, რომ ორი ვერსია არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია. როგორც მე ამიხსნეს, ამერიკული კანონის თარგმნა მოხდა და ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები და მას შემდეგ მოქმედებს, არსებობს. ვფიქრობ, არავის არ გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ზოგადად, შემდეგი რამ მინდა, ვთქვა – ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის მთავარი ამოცანა – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო ათ წელიწადში, ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითიც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ისინი მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც იმავე ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერ პირველი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში.
ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტებს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას, პარლამენტი გააგრძელებს განხილვას და მსჯელობას ამ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერმა.