დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით – ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, აღიარებს ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და პოზიტიური ტრანსფორმაციას.
„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
გასულ წელს ევროპულმა ლიდერებმა, მათ შორის, ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მომენტიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.
„საქართველო რჩება ერთგული ევროკავშირისა და სანდო პარტნიორი მისი. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარებაში, რადგან რეგიონალური ენერგოტრანზიტი, საქონლის ტრანსპორტირების და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.