მისი თქმით, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ.
„ზოგიერთ სიუჟეტს ბოლო კვირის განმავლობაში მართლა ღიმილით ვუყურებდი. იქ ნაჩვენები იყო, თითქოს ნატო-ს სამიტზე რაღაც სასწაული მოხდა, უკრაინამ დეოკუპაცია შეძლო, ომში გაიმარჯვა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რეალურად რა მოხდა? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება? ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომაც მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატო-ში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა. ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, საქართველო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რათა ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნათ და ჩვენს ეროვნულ მიზანს თანმიმდევრულად მივყვეთ. მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.
იმით, რომ ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნით წარმოჩინდა, საქართველოს არაფერი დაუკარგავს. ამის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.
დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას არავის ვუსურვებდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.