აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ მაიდნის შემდეგ დაკარგა ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ინფრასტრუქტურა არის განადგურებული.
„მაიდანს რაც შეეხება, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში. მაიდნამდე უკრაინა იყო ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა. ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი და ეკონომიკა იყო მუდმივი, ყოველწლიური აღმავლობის გზაზე. ამის შემდეგ უკრაინა კარგავს ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი, დაახლოებით 10 მლნ არის ან დევნილი, ან ლტოლვილი, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 7-8 მილიონი, 90% არიან ქალები და ბავშვები. რამდენიმე მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით დევნილებად არიან ქცეული და ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო, ჩვენ გვემუქრებიან მაიდნით, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა.