პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯეიმს ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული თვეების განმავლობაშიც იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით.

კობახიძის განმარტებით, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე, რომ შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს.

„პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი (სანქციები), გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც, რეალურად, დასავლეთს მიანდო და აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის“ ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, მაშინვე ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ასეთი შანტაჟი, მუქარები როგორც არ ჭრიდა 2021 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შატაჟი და მუქარა ვერც ახლა. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ გადაადგმევინებს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. თვითონ სანქცია ხომ თავისთავად შანტაჟს ნიშნავს, სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას თავის თავში, ეს არ არის სერიოზული თემა ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია